
ირანი აშშ–სა და ისრაელს თავდასხმით ემუქრება
13/02/2020 19:55:07 მსოფლიო
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰუსეინ სალამი აცხადებს, რომ ირანი "დაარტყამს აშშ-სა და ისრაელს, თუკი ისინი უმცირეს შეცდომასაც კი დაუშვებენ".
„თუკი უმცირეს შეცდომასაც კი დაუშვებთ, ორივეს დაგარტყამთ,“- აღნიშნა გენერალ მაიორმა სალამიმ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს.
მანამდე ტრამპმა სენატი გააფრთხილა, რომ ამ ზომისთვის მწვანე შუქი არ აენთო:
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ საომარი ძალის გამოყენების თაობაზე ამ რეზოლუციას. თუკი ხელებს შემიკრავენ, ირანს დღესასწაული ექნება“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.