
ახალი არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქცია იმართება
22/11/2024 12:00:59 საზოგადოება
ახალი არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია იმართება.
საპროტესტო მსვლელობას უერთდებიან რიგითი მოქალაქეების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, ახალგაზრდების და სტუდენტების ნაწწილი.
ქუჩაში გატანილ საპროტესტო ბანერებს დღეს სიმბოლურად შავი ლაქებიც ქონდა გამოსახული, ამ ფორმით ხალხს იმის თქმა სურდა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული არ იყო.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.