გერმანელი "სოციალ-დემოკრატების" კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იქნება

22-11-2024 16:28:22

ოლაფ შოლცი 2025 წლის დასაწყისში დაგეგმილ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კანცლერობის კანდიდატი გახდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლარს კლინგბეილმა განაცხადა.

ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ის არ გეგმავს, იყოს კანცლერობის კანდიდატი და მხარი დაუჭირა გერმანიის ამჟამინდელ კანცლერ ოლაფ შოლცს.

"ოლაფ შოლცი არის ძლიერი კანცლერი და ის არის კანცლერობის სწორი კანდიდატი," - განმარტა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. "ის მიმართავს გონიერებასა და წინდახედულობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ კრიზისულ დროში."

6 ნოემბერს ოლაფ შოლცმა გერმანიის ფინანსთა მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების (FDP) თავმჯდომარე კრისტიან ლინდნერის გადააყენა. 7 ნოემბრის ღამეს FDP-ს თითქმის ყველა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი ნებაყოფლობით გადადგებიან. შესაბამისად, გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელიც შედგებოდა SPD, FDP და მწვანეებისგან, დაიშალა.

2025 წლის 23 თებერვალს გერმანიაში ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ქვეყნის ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს მთავარი ოპოზიციური პარტია - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი იკავებს - 32%, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია AfD - 19%, მესამეზე ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა - 16%, მას მოსდევენ მწვანეები - 11%.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები