22-11-2024 17:41:41 პოლიტიკა ,საზოგადოება
სადავო არჩევნების შესახებ ორი საკონსტიტუციო სარჩელი - პრეზიდენტის და ოპოზიციონერი დეპუტატების - საკონსტიტუციო სასამართლოშია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მათ წარმოებაში. პროექტი უნდა წარადგინოს მომხსენებელმა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა.
"სასამართლოში უკვე ორივე სარჩელი რეგისტრირებულია - გუშინ, დღის ბოლოსკენ მოხდა დეპუტატების სარჩელის რეგისტრირებაც. სასამართლოს შემადგენლობა მუშაობს. რაც შეეხება უშუალოდ წარმოებაში მიღების საკითხს, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შესაბამისად, ზუსტად თარიღს სასამართლო ვერ ასახელებს, რადგან დასამუშავებელია მთელი რიგი დოკუმენტები, თავად სარჩელები და მომხსენებელი მოსამართლე წარმოადგენს პროექტს და შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ჯერ-ჯერობით წარმოებაში მიღებაზეა საუბარი",- თქვა მანანა კობახიძემ.
"ქართული ოცნება" პარლამენტის შეკრებას 25 ნოემბერს გეგმავს. კონსტუტუციონალისტების განმარტებით, ვიდრე საკონსტიტუციოში დავა მიმდინარეობს, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება მმართველ გუნდს არ აქვს. "ოცნებაში" ამ შენიშვნას არ იზიარებენ.