საქართველო რუსებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ხუთეულშია

22-11-2024 18:03:30 პოლიტიკა ,საზოგადოება

სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ დაჯავშნის სერვისის "ოსტროვოკის" ექსპერტები აღნიშნავენ საახალწლოდ საქართველოში მოგზაურობისადმი რუსი ტურისტების ინტერესის მნიშვნელოვან ზრდას: არდადეგების პერიოდში (28 დეკემბერი – 12 იანვარი) ქვეყანაში განთავსების ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - საქართველო საახალწლო არდადეგებისთვის რუსებისთვის ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებების ტოპ-ხუთეულშია.

"ოსტროვოკის" მონაცემებით, 2024 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით გაიზარდა. ჯავშნების რაოდენობით საქართველო მხოლოდ ბელარუსს, თურქეთს, ტაილანდსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონს - აფხაზეთს ჩამორჩება.

"ოსტროვოკის" ანალიტიკოსები ინტერესის მსგავს ზრდას რუსეთის რეგიონებიდან ფრენების პროგრამის გაფართოებას უკავშირებენ.

"სავიზო შეზღუდვების არარსებობა და პირდაპირი ფრენების გაფართოება ლოგისტიკას რაც შეიძლება მარტივს და მოსახერხებელს ხდის, ამიტომ ჩვენ ველით, რომ ამ მარშრუტზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება“, - თქვა დარია კოჩეტკოვამ, "ოსტროვოკის" სერვისის მმართველმა დირექტორმა.

რუს ტურისტებს შორის ურბანულ დასვენებაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა თბილისსა და ქუთაისზეა, სანაპიროზე - ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში, ასევე მთაში - სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) და გუდაურში.

საქართველოში მოგზაურობისას რუსი ტურისტები ყველაზე ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ოთხვარსკვლავიან სასტუმროებს - მათზე მოდის ყველა ჯავშნის 27%, ვარსკვლავების გარეშე სასტუმროები (25%), ასევე სამვარსკვლავიანი სასტუმროები (24%) და აპარტამენტები (11%).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები