სპეციალური ოპერაციების სარდლობის 25 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა

22-11-2024 18:18:16 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და მებრძოლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებითა და უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და „გენერალი კვინიტაძე“.

სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისთვის პოლიგონზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.

თავდაცვის მინისტრი, მუხროვანში, ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე სტანდარტების ბაზის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები