
„ნაკლები რუსეთი“ – ბელარუსი გერბს ცვლის
14/02/2020 07:14:45 მსოფლიო
ბელარუსის იუსტიციის სამინისტრომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ" კანონში შესწორებები მოამზადა, რომელიც სახელმწიფო გერბის შეცვლას ითვალისწინებს. ავტორების ჩანაფიქრით, ახალი გერბი „ნაკლებად აგრესიული“ იქნება და მასზე „ნაკლები რუსეთი“ უნდა იყოს.
ცვლილებათა პროექტზე პრეზიდენტთან არსებულმა ჰერალდიკულმა საბჭომ იმუშავა.
როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, „ამჟამინდელ გერბზე ვარსკვლავი, ცოტა არ იყოს, საომარი ხასიათისაა, ბელარუსი კი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და არ განიხილავს აგრესიას თავისი პოლიტიკის ხერხად“.
გარდა ამისა, გერბზე შეიცვლება მსოფლიოს გამოსახულება: ახლა გერბის დიდ ნაწილს რუსეთი, ფინეთი და სკანდინავიის ქვეყნები იკავებენ, ახალ ვერსიაში კი ბელარუსი ცენტრში განთავსდება და გამოსახულების უდიდესი ნაწილი ევროპის ქვეყნებს დაეთმობათ.
ცნობისთვის: მოქმედი გერბი 1995 წელს პრეზიდენტ ლუკაშენკოს ინიციატივით გამართული რეფერენდუმის შედეგად მიიღეს.