ხაბეიშვილი: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მოქალაქეები უერთდებიან თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს

24-11-2024 19:50:11 პოლიტიკა ,საზოგადოება

თბილისში მანქანებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

როგორც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისში საპროტესტო აქციას უერთდებიან რეგიონებიდან.

მისი თქმით, მანქანების მსვლელობით ისინი რესპუბლიკის მოედანზე მივლენ, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მოქალაქეები უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაატრიალა, როცა გააუქმა დემოკრატია, არჩევნები, ხალხს მოპარა თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა და მიითვისა ხელისუფლება. დღეს დაპირისპირება და არეულობა მარტო ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას უნდა. რატომ? იმიტომ რომ ისინი აყალბებენ არჩევნებს, იმიტომ, რომ საქართველოს თვითმარქვია პრემიერს ხელს არავინ ართმევს, გარდა „ჰეზბოლასი“. ვნახეთ, რომ ბოლო ვიზიტისას, ირანში „ჰეზბოლასთან“ ერთად იდგა კობახიძე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხალხს, რომელიც აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, უნდა მშვიდობა, ევროპული კეთილდღეობა. წარმოუდგენელია, რომ რუსული პროპაგანდით აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალეს. ამ ადამიანებს მშვიდობა უნდათ, არეულობა უნდა ბიძინას. თუ არეულობა არ უნდოდა, ხალხის ნება რომ გამოიხატა, რატომ მოპარა? მას ხელისუფლებაში ყოფნა იმიტომ უნდა, რომ ბევრი ფული იშოვოს და მდიდარი იყოს, ხალხის ინტერესი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს".

მისი თქმით, საქართველოს რეგიონებიდან პროტესტს ათასობით ადამიანი უერთდება.

"დღეს და ხვალაც პროტესტი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროტესტში ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21:00 საათისთვის რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან, მოგვიანებით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც ღამის გათენებაა დაგეგმილი.

25 ნოემბერს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები