„ბიძინა წადი! მე ვრჩები!“ - ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ჩემოდნები დატოვეს

24-11-2024 21:51:28 პოლიტიკა ,საზოგადოება

24 ნოემბერს თბილისში ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის („კოალიცია ცვლილებებისთვის”, „კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) ორგანიზებით, ქალთა მარში გაიმართა.

მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დაიწყო და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენდტრთან დასრულდა ფერფორმანსით - აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სამგზავრო ჩემოდნები მიიტანეს წარწერებით,- „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“. ეს გზავნილი ემიგრაციის თემას ეხმაურება. როგორც ქალთა საპროტესტო მარშის მონაწილეები აცხადებენ „ისინი არ აპირებენ ქვეყანა ოლიგარქს დაუტოვონ და ემიგრაციაში წავიდნენ“:

„ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ ჰყავდეს საზღვარგარეთ წასული. სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო ოჯახები გახლეჩილია: მშობლებს შვილები ენატრებათ, შვილებს – მშობლები. თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში. გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე.

ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს… ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო“.

ბიზნესცენტრთან მობილიზებული იყო პოლიცია.

დღესვე გაიმართება ხელოვანების, პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების მსვლელობა.

დემონსტრანტები საბოლოოდ თავს მოიყრიან პარლამენტთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები