25-11-2024 02:01:02 მსოფლიო
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხუთშაბათს გაუჩინარებული რაბინი ცვი კოგანის ცხედარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ის მკვლელობის მსხვერპლი გახდა. კოგანს ჰქონდა ისრაელისა და მოლდოვის მოქალაქეობა.
რაბინი ცვი კოგანი 2020 წლიდან ცხოვრობდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და წარმოადგენდა იუდაურ მოძრაობას "ჩაბად ლუბავიჩი". ის 21 ნოემბერს გაუჩინარდა. მას ეძებდა პოლიციაც და ისრაელის დაზვერვაც. ისინი განიხილავდნენ გატაცების ვერსიას ირანის სპეცსამსახურების შესაძლო დაკვეთით.
მანამდე კოგანის მანქანა აბუ-დაბიდან 150 კილომეტრის დაშორებით გზატკეცილზე იპოვეს. სადაზვერვო სამსახურები ეჭვობდნენ, რომ რაბინის გაუჩინარებაში მონაწილეობდა უზბეკეთის სამი მოქალაქე, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან თურქეთში იმავე დღეს გაფრინდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კოგანის სიკვდილს "ამაზრზენი ანტისემიტური ტერორისტული აქტი" უწოდეს. მათ პირობა დადეს, რომ ისრაელი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, რათა პასუხისმგებელი პირები, სადაც არ უნდა იყვნენ, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, რომ დროებით თავი შეიკავონ გაერთიანებულ საემიროებში მოგზაურობისგან.