პარლამენტთან პროტესტი გრძელდება, საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი პოლიციას აქვს დაკავებული

25-11-2024 02:14:59 საზოგადოება

რუსთაველზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი კარავია გაშლილი. დემონსტრანტები ღამის გათენებას აპირებენ. პერიოდულად მათ პოლიტიკოსები მიმართავენ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალაა მობილიზებული.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.

პოლიციამ 24 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტები გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეეშლება.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც.

26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი ფუნდამენტური უფლების - ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ოპოზიციაც და არ აპირებს პარლამენტში შესვლას ამჟამინდელი პოზიციით. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები