Accentnews.ge
გეგელიას წინააღმდეგ სპეცღონისძიება გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს

გეგელიას წინააღმდეგ სპეცღონისძიება გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს

25/11/2024 03:26:39 საზოგადოება

პარლამენტის მიმდებარედ პოლიციის მობილიზება შეინიშნება, გამოყვანილია სპეცტექნიკა - წყლის ჭავლის მანქანები.

მათთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გრიგოლ გეგელია მივიდა კითხვით, აპირებენ თუ არა, დაარბიონ მომიტიმგეები.

"თქვენ ბიუჯეტიდან იღებთ ხელფასს, თქვენ ამ ხალხის მსახურები უნდა იყოთ",- მიმართავდა გეგელია პოლიციელებს. ამ შელაპარაკების დროს კი მოულოდნელად წყლის ჭავლის მანქანიდან გეგელიას მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე - სპეცღონისძიების გამოყენებამდე პოლიციას აქვს გაფრთხილების ვალდებულება.

"კითხვისთვის წყლის ჭავლი დაუშინეს ადამიანებს. ეს არის ამათი სახე. სველი ვარ, მაგრამ არაუშავს",- თქვა გეგელიამ.

მოგვიანებით პოლიციელებმა აღნიშნული "შემთხვევითობით" ახსნეს.

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე დაძაბულობაა.

პარალელურად, რუსთაველზე რჩებიან დემონსტრანტები, რომლებმაც ღამე გაათენეს.

აქცია იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.

პოლიციამ 24 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტები გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეეშლება.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც.

26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი ფუნდამენტური უფლების - ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ოპოზიციაც და არ აპირებს პარლამენტში შესვლას ამჟამინდელი პოზიციით. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S