
დემონსტრანტებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს, მათ მოქალაქეები ემატებიან
25/11/2024 04:01:33 საზოგადოება
დემონსტრანტებმა პარლამენტთან გაათენეს ღამე. მათ მოქალაქეები ემატებიან. დილის 09:00 საათიდან აქციაა დაგეგმილი სხვადასხვა ჯგუფების მიერ.
პარალელურად პოლიციას პარლამენტის ყველა შესასვლელი აქვს დაკავებული. ამასთან, შეინიშნა დამატებითი საპოლიციო ძალების, მობილიზება, მათ შორის, სპეცტექნიკის - თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები ჰყავთ გამოყვანილი. ადგილზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი: ოპოზიციონერმა პოლიოტიკოსმა გრიგოლ გეგელიამ პოლიციელებთან კომუნიკაცია სცადა, დისკუსიის დროს მას წყლის ჭავლის მანქანიდან შეასხეს წყალი გაფრთხილების გარეშე. მოგვიანებით აღნიშნული პოლიციელებმა "შემთხვევითობით" განმარტეს.
აქცია იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
პოლიციამ 24 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტები გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეეშლება.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი ფუნდამენტური უფლების - ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ოპოზიციაც და არ აპირებს პარლამენტში შესვლას ამჟამინდელი პოზიციით. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.