
რუსული „აზიმუტის“ თვითმფრინავს ანტალიის აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა
25/11/2024 04:11:25 მსოფლიო
თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში დაშვების შემდეგ ხანძარი გაჩნდა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავში. „აზიმუტი“ რუსეთიდან რეისებს ახორციელებს საქართველოშიც.
ინციდენტისას ბორტზე იმყოფებოდა 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა.
ხომალდის კაპიტანმა ანდრეი პრიატკინმა თქვა, რომ ”ყველაფერი კარგადაა, ყველა ცოცხალი და უვნებელია”.
Sukhoi Superjet 100-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა. ავიაკომპანია „აზიმუტის“ წინასწარი მონაცემებით, ძრავს ცეცხლი გაუჩნდა ძლიერი ქარის გამო მკვეთრი დაშვების მიზეზით.
25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ამ ინციდენტის გამო ანტალიის აეროპორტი დროებით დაკეტილი იყო.