
პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან რკინის ჯებირიცაა აღმართული, საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ამ დრომდე არ უშვებენ
25/11/2024 05:15:58 საზოგადოება
ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობის უკან, რკინის ჯებირიცაა აღმართული. კონსტრუქცია ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია, მედიამ დააფიქსიროს, ვინ შევა მე–11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სამართალდამცველებია მობილიზებული.
პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, რომელიც დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელად სჭირდებათ.
სამართალდამცველების რაოდენობა თანდათან იზრდება.
პარლამენტის უკანა შესასვლელი კორდონით არის გადაკეტილი, სადაც დღეს 9:00 საათზე დაგეგმილი იყო აქცია "დაიბრუნე ხმა", თუმცა როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე ადგილიდან იუწყება, "ამ ტერიტორიაზე მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები ახერხებენ მისვლას და ისიც შეზღუდული რაოდენობით".
მისივე თქმით, პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ამ დრომდე არ უშვებენ. როგორც იგი ამბობს, მათ აცნობეს, რომ როდესაც სხვა კოლეგებიც შეუერთდებიან, მათ ერთად მისცემენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას.
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი ზონაა გამოცხადებული. ონლაინ მედიებს შესვლა და პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ეკრძალებათ.
პარლამენტის წინ რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. ადგილზე გაშლილია კარვები.
თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცველებია მობილიზებული.
დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.