25-11-2024 10:14:39 საზოგადოება
პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტები შეუშვეს, თუმცა მათ სამუშაო სივრცეები აქვთ შეზღუდული.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოს პარლამენტის ფანჯრიდან აშუქებდა, მიუთითეს, რომ გადაღება შეეწყვიტა და სხვა სივრცეში გადაენაცვლა.
მანამდე მან აჩვენა კადრები, რომელშიც ჩანდა, რომ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში უკვე იმყოფებოდა.
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი ზონაა გამოცხადებული. ონლაინ მედიებს შესვლა და პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ეკრძალებათ.
საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სამართალდამცველებია მობილიზებული. პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, რომელიც დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელად სჭირდებათ. სამართალდამცველების რაოდენობა თანდათან იზრდება.
პარლამენტის წინ რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. ადგილზე გაშლილია კარვები.
თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცველებია მობილიზებული.
დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.