საია: თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს

25-11-2024 11:56:35 საზოგადოება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის" (საია) ცნობით, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს

"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენლი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგენილების პროექტში, ასახავს არჩეული დეპუტატების სახელებს უფლებამოსილების ცნობის მიზნით. დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის (100 წევრი) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. თუ დადგინდა, რომ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.

საია მოუწოდებს პარლამენტს დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, შეწყვიტოს სხდომა და არ ცნოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები