25-11-2024 13:38:37 პოლიტიკა
მე–11 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ერთი ფრაქცია შეიქმნა.
ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა. უმრავლესობა 89 წევრიანია და მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
მე–11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება სცნო.
პარალელურად, პარლამენტის წინ და უკან რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. დეპუტატების სიის გამოცხადებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დემონსტრანტების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.
თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის – წყლის ჭავლის მანქანები. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცველებია მობილიზებული.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.