მდინარაძის მიერ ივანიშვილისადმი სამადლობელი ტექსტის წარმოთქმის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები აწ უკვე კოლეგას ფეხზე წამოუდგნენ და მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს

25-11-2024 14:44:06 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი სამადლობელი ტექსტის წარმოთქმის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და აწ უკვე კოლეგას ფეხზე წამოუდგნენ და მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით [...]. პირიქით, როცა ისინი [ოპონენტები] ამბობდნენ, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, თუ ევროპა გვეტყვისო, ჩვენ გვაქვს მყარი საშუალება, რომ ორ ფეხზეც ვიდგეთ და ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ“, - თქვა მდინარაძემ.

მან ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს „მუდმივად უმრავლესობაში ყოფნას“, თუმცა „სანამ არ იქნება ეროვნული ძალები ოპოზიციაში, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“.

„და მანამდე „ქართულ ოცნების“ ასრულებაზე ვიზრუნებთ - რაც შეიძლება ჩქარა და მალე გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმოამდგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად“, - განაცხადა მან.

„ასე რომ, თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობთ. მადლობა ყველას. მედიას. გულწრფელი“, - მიმართა მან ივანიშვილს.

ამის შემდეგ დარბაზში მსხდომები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.

მდინარაძის გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემაც და ამ მიმართვასაც მოჰყვა ტაში.

მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციური პარტიები შეკრებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები