პრეზიდენტი: მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის

25-11-2024 19:10:30 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლოვდება ახალი არჩევნების დრო და ამისთვის მზადებაა საჭირო.

„არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აიღონ ხელში ამ ქვეყნის სადავეები. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, არის ის, რომ თქვენი დრო მოვიდა. რომ ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით - არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის. ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე - მთავარი მოვალეობა არის მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების - რომლებიც მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო - და იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად. და მე, როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე [გეუბნებოდით], გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, გეტყვით ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“,- თქვა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები