
ომბუდსმენმა 19 და 24 ნოემბრის აქციებზე დაკავებულები მოინახულა, ისინი ძალადობაზე საუბრობენ
25/11/2024 17:49:12 საზოგადოება
25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა.
როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, მოქალაქის განცხადებით, დაკავებისას მის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და იგი "სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია".
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აპარატის ცნობით, გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, რომლის "მიმდინარეობასაც მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს".
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე მოინახულა 19 ნოემბერს დაკავებულო ისაკო დევიძე, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა.
"ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აპარატმა რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს”, - ნათქვამია ინფორმაციაში, თუმცა არაფერია ნათქვამი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.