
რატომ ბლოკავს რუსეთი ოს მეწარმეებს
14/02/2020 09:51:32 კონფლიქტები
უკვე ორი კვირაა, რუსული საბაჟო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ტვირთებს არ ატარებს. მიზეზად არასათანადო გაფორმება, კერძოდ "საბაჟო კავშირის" მოთხოვნებთან შეუსაბამობა სახელდება. „ქვემო ზარამაგის“ გამშვებ პუნქტთან რუსული პროდუქციით, მათ შორის პირველადი მოხმარების საქონლით დატვირთული ათობით ავტომობილი დგას. მეწარმეებმა დე ფაქტო მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარის მოთხოვნათა შესრულება შეუძლებელია, რადგან იმპორტი ჩრდილოეთ კავკასიის სავაჭრო ბაზებზე მცირე საბითუმო შესყიდვებისგან შედგება. გარდა ამისა, ისინი შეშფოთებულები არიან დე ფაქტო ჩინოსნების უმოქმედობით ამ პრობლემის გადასაჭრელად. მომიტენგეებთან შესახვედრად 5 დე ფაქტო დეპუტატი გავიდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ წარმოადგენდა მმართველ პარტია „ერთიან ოსეთს“. მხოლოდ საღამოს დე ფაქტო დეპუტატების ძალისხმევით მოხერხდა მეწარმეების შეხვედრა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრ გენადი ბეკოევთან და ოსური საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელ მურატ ცხოვრებოვთან.
„მეწარმეებს განუმარტეს პრობლემის არსი: რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობა სამხრეთ ოსეთის სპეციფიკას არ ითვალისწინებს. მეწარმეებს პრობლემის გადაჭრისთვის მუშაობის პირობა მისცეს, თუმცა ვადები ვერ დაუსახელეს, რადგან საკითხი საბოლოოდ მაინც რუსი პარტნიორების გადასაწყვეტია. მეწარმეები ამ პასუხით უკმაყოფილონი დარჩნენ. ჩვენის მხრივ, მზად ვართ, პრობლემის გადაჭრას შეძლებისდაგვარად ასევე შევუწყოთ ხელი, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების უნარზე, რუს კოლეგებთან კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწიოს. აქ მნიშვნელოვანია ასევე, ეს არა ერთჯერადი, დროებითი, არამედ მუდმივმოქმედი წესი იყოს“, – განაცხადა ხსენებული 5 დე ფაქტო დეპუტატიდან ერთ–ერთმა დავით სანაკოევმა.
თუმცა ოსი იურისტი, ოსური საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი თემურ კოკოითი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში რუსულ მხარესთან ვერანაირი ოფიციალური შეთანხმება ვერ გაფორმდება და საკითხი შეიძლება, მხოლოდ არაფორმალურ დონეზე გადაიჭრას:
„კანონიერი გადაწყვეტილება აქ ვერ იქნება, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოვიდოდა „ევრაზესის“ მოქმედ კანონმდებლობასთან. აქ შესაძლებელია, მხოლოდ არაფორმალური გადაწყვეტილება გამოიძებნოს, ერთგვარი ადამიანური, ჯენტლმენური შეთანხმება – ისეთი, როგორიც ადრე მოქმედებდა: ადრე ყველაფერი სამსახურების დონეზე, შინაურულად წყდებოდა და არ ვიცი, ახლა რატომ გაიტანეს ეს საკითხი პოლიტიკურ სიბრტყეში. როგორც უკვე ვნახეთ, 2019 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ ბიბილოვის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი მიმართვამ პრობლემა ვერ მოხსნა, მსგავს ნაბიჯებს არ მოაქვს ის ეფექტი, რომელსაც ადამიანები ელიან. ახლაც იგივე მოხდება. ადრე, მაგალითად, როცა პრეზიდენტ კოკოითს კარგი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის საბაჟოს უფროს ბელიამინოვთან, ეს უკანასკნელი შინაურულად დათმობაზე მოდიოდა და რუსული საბაჟო საკანონმდებლო შეუსაბამობებზე თვალს ხუჭავდა. ასე გრძელდებოდა 2008 წლის ომამდეც, მაგრამ შემდეგ მსგავსი კონტაქტები დაიკარგა, ახალი კი არ ყალიბდება. არ ვფიქრობ, რომ ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარებასთანაა კავშირში, ჩემი აზრით, ეს მსგავსი არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბების უუნარობას უკავშირდება“.
ამ პირობებში ოსმა მეწარმეებმა, როგორც ჩანს, პრობლემის გადაჭრის გზა თავად იპოვეს: ისინი საქონელს სატვირთოებიდან და მიკროავტობუსიებიდან მცირე პარტიებით მსუბუქ ავტომობილებში ანაწილებენ და პროდუქცია ოკუპირებულ რეგიონში ხელბარგის სტატუსით შეაქვთ. თუმცა როგორც თავად თვლიან, ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ დროებითი გზაა და დე ფაქტო მთავრობისგან რუსეთთან კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას მოითხოვენ.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება