
გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
26/11/2024 05:50:30 მსოფლიო
უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
"ბოლო დღეებში გერმანიამ უკრაინას გადასცა საარტილერიო ჰაუბიცები, ტანკები, მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების პროგრამა. შემდეგი IRIS-T SLM (საშუალო დიაპაზონის) და SLS (მოკლე დიაპაზონის) სისტემები უკრაინაში მომდევნო დღეებსა და კვირებში, შობამდე უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება შობის შემდეგაც, 1 იანვრის შემდეგაც და 23 თებერვლის (ფედერალური არჩევნების შემოთავაზებული თარიღის) შემდეგაც”, - განაცხადა ფროიდინგმა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 ერთეული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა(საშუალო მანძილზე მოქმედი 8 სისტემა და მცირე მანძილზე მოქმედი 9 სისტემა) შეუკვეთა.