
აქტივისტები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს შსს-დან უკავშირდებიან
26/11/2024 07:00:54 საზოგადოება
აქტივისტები ამბობენ, რომ სასამართლოში დაბარება დაიწყეს მოქალაქეების, რომლებიც 10 ნოემბრის აქციაში მონაწილეობდნენ. ირკვევა, რომ მათ სანაპიროზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან.
სასამართლო პროცესები 27-28 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
„დამიკავშირდნენ დღის 12:00 საათზე საპატრული პოლიციიდან. მითხრეს, რომ „ჩანიშნული გაქვთ სასამართლო პროცესი 3 საათზეო და უნდა გამოცხადდეთო“. მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს პროცესზე და გადაიდო. ველოდებით მტკიცებულებების წარმოდგენას“,- ყვება აქციის მონაწილე ლაშა სეთური.
იურისტი თეონა კილაძე ამბობს, რომ სულ მცირე, 15 ადამიანს დაუკავშირდნენ:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით არიან დაბარებულები, რაც გულისხმობს გზის თვითნებურად გადაკეტვას. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხლებულები იყვნენ, რომ გზა დაიკეტებოდა, აქცია წინასწარ იყო დაანონსებული, მაინც იბარებენ სასამართლოში. ძირითადი სხდომები 27-28 ნოემბერს არის ჩანიშნული, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. სხვადასხვა არხების საშუალებით ვიგებთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უკავშირდებიან“.
10 ნოემბერს თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა თავისუფლების მოედანზე, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. მსვლელობა 19:20 საათზე დაიწყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
აქციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც „აგენტების კანონის“ მიღების პერიოდში „ფეისბუქში“ შექმნეს მოხალისეებმა თვითორგანიზებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათ საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.