„ივანიშვილის შესახებ „ბლუმბერგის“ სტატია, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია“

14-02-2020 14:13:55 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შესახებ „ბლუმბერგის“ სტატია „დასპონსორებულია“.

„სტატია, დიდი ალბათობით, არის დასპონსორებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამერიკულმა გამოცემა „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ ელი ლეიკის სტატია, რომელშიც ავტორი ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენიებს და წერს, რომ მან ვაშინგტონში ახალ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც "ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს".

ცნობისთვის" „ბლუმბერგში“ დასაქმებამდე ამერიკელი ჟურნალისტი ელი ლეიკი, Fox-თან, CNN-თან და სხვა გამომცემლობებთან თანამშრომლობდა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. საქართველოს მთავრობა DCI Group–ს ბიუჯეტიდან თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის.

მანამდე საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა. გასულ წელს საქართველოს მთავრობას კომპანიასთან თანამშრომლობა 780 000 დოლარი დაუჯდა.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, წელს იგივე საქმიანობისთვის საქართველოს მთავრობა ხსენებული კომპანიისთვის ბიუჯეტიდან 900 000 დოლარის გადახდას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები