26-11-2024 15:44:51 პოლიტიკა
მოსკოვი სადავო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული "ქართული ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ მხარდაჭერას განაგრძობს. დასავლეთი "მორიგი ფერადი რევოლუციის მზადებასა" და "კანონიერი ხელისუფლების დასამხობად სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში" დღეს ერთმანეთის მიყოლებით რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა ნარიშკინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა დაადანაშაულეს.
ნარიშკინმა კვლავ გაიმეორა დასავლეთის მიმართ ეს სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ბრალდება, რომელიც ორგზის გამოუთქვამს 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებამდე და იქვე იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ისევე ჩავარდება, როგორც თავის დროზე ბელორუსსა და ყაზახეთში მოხდა".
"საქართველო, რომელმაც თავის დროზე ევროინტეგრაციის დაპირების სანაცვლოდ პოსტსაბჭოთა არეალთან კავშირები შეამცირა, დიდწილად დაკარგა სტრატეგიული სიღრმე, თუმცა ქვეყნის ამჟამინდელმა ხლისუფლებამ დროულად გააცნობიერა მსგავსი პოლიტიკის დამღუპველობა, დაშორდა ულტრალიბერალურ დღის წესრიგს და საქართველოს ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და ფასეულობების სადარაჯოზე დადგა. თუმცა დასავლეთი, როგორც ცნობილია, თავის მსხვერპლს ასე ადვილად კლანჭებიდან არასოდეს უშვებს. დღეს თბილისი მორიგი ფერადი რევოლუციის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის წინაშეა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მცდელობა ჩავარდება, ისევე, როგორც თავის დროზე - ბელორუსსა და ყაზახეთში" - განაცხადა ნარიშკინმა მოსკოვში, დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოებისა და დაზვერვის ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
ანალოგიური შინაარსის უკვე ტრადიციული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები, რომლებსაც თავად "ოცნების" პროპაგანდისტული მედიაც გამუდმებით ავითარებს, კვლავ ისმოდა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მხრიდანაც, რომელმაც, კერძოდ, განაცხადა, რომ "კოლექტიური დასავლეთი საქართველოში შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს, ცდილობს რა ფერადი რევოლუციის ორგანიზებას".
არადა, სწორედაც რომ შიდა დაპირისპირებისკენ ღია მოწოდებებით რეალურად, თავად კრემლის პროპაგანდისტები გამოდიან. მსგავსი მოწოდება გუშინ, 25 ნოემბერს მოვისმინეთ, მაგალითად, კრემლის იდეოლოგად ცნობილი ალექსანდრე დუგინისგანაც, რომელმაც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე პირდაპირ მოუწოდა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, " თბილისისკენ დაიძრას პარლამენტისა და მთლიანად საქართველოს სოროსის მიერ მართული ნაძირლებისგან გასათავისუფლებლად".