თენგო კირთაძე: კათარსისი ყველამ უნდა გაიაროს

26-11-2024 19:39:57 პოლიტიკა ,ინტერვიუ

ვსაუბრობთ "ფედერალისტების" ერთ-ერთ ლიდერ თენგო კირთაძესთან პროტესტზე, ნიჰილიზმზე, ბრაზზე, შეცდომებზე, გამოსავლის გზებზე.

- „ძალიან ბევრი გვაქვს ხალხს და პოლიტიკურ სპექტრს სალაპარაკო, გასარკვევი, გასარჩევი და გადასააზრებელი. წინააღმდეგობის მოძრაობა ან საკუთარ თავს თავიდან დაბადებს, ახალ თამაშის წესებზე შეთანხმდება და შინაარსით გაძლიერდება, ან უბრალოდ ბოლომდე განადგურდებაო“,- წერდით სოციალურ ქსელში. ეს თემა დიდი ხანია, აქტუალურია, განსაკუთრებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - ბევრმა ადამიანმა საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა ღიად დაიწყო და ეს უკმაყოფილება არ მიემართება მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციურ სპექტრსაც. თქვენ როგორ ხედავთ ამ ახალი წინააღმდეგობის მოძრაობის დაბადების პროცესს? ეს არ იქნება მარტივი, მით უფრო, როდესაც სულ უფრო და უფრო მონოლითური ხდება სისტემა...

- პროცესის სირთულე გამომდინარეობს იმ ამოცანიდან, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. თუ ვამბობთ, რომ ეს არის რუსული ავტოკრატიული რეჟიმი, მაშინ გათვითცნობიერებული უნდა გვქონდეს, რომ მარტივი გზები მსგავსი ტიპის ავტოკრატიის დასამარცხებლად არ არსებობს. „წადიო“, რომ დაუძახებ, ის თავისით არ წავა. ანუ ისეთი ტიპის წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა გაჩნდეს ქვეყანაში, რომელიც აიძულებს ამ რეჟიმს დემოკრატიულად წასვლას. და დემოკრატიულ წასვლაში იგულისხმება როგორც არჩევნები, ასევე მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ძალაუფლების დათმობა. ამისთვის კი, ჩვენი ხედვით, საჭიროა, იმ ჯგუფებს, რომლებიც წინააღმდეგობას წევენ, რაღაც საყრდენი ჰქონდეთ მოქალაქეებში. თუ ვერ ახერხებენ ამ მხარდაჭერის გენერირებას, ისინი პროცესში უბრალოდ სხვის ადგილს იკავებენ და არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. ამიტომ არის საჭირო რეფლექსია ბოლო წლებთან დაკავშირებით, რაც გაიარა მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა იმის გასააზრებლად, თუ რა შეცდომები დაუშვა - იქნება ეს ქმედითი, რიტორიკული, სტრატეგიული - ნებისმიერი თვალსაზრისით. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს ამ კუთხით მზაობა, რადგან ოპოზიციური სპექტრის უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ შემთხვევით არის იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფება - სხვის ადგილს იკავებს და სხვა ჯგუფებს რიყავს პროცესიდან მათ მხარდამჭერებთან ერთად, რომელთაც თეორიულად შესაძლოა, უფრო ეფექტურად შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ, საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ, უნდა გაიგონ, რა არის მათი შინაარსი, რისთვის არიან პოლიტიკაში, ამ შინაარსის ირგვლივ უნდა იპოვონ თანამოაზრეები და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, მორიგი პოლიტიკური კრიზისისას, ამ პოლიტიკური ჯგუფების დაძახებისთანავე მოქალაქეები გააქტიურდნენ და შემოვიდნენ წინააღმდეგობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიხილავთ ანალოგიურ სურათს, რასაც ხშირად ვხედავთ ხოლმე როდესაც პოლიტიკური სპექტრი აორგანიზებს პროტესტს - არის ან მიყვანილი პარტიული აქტივი ან ძალიან აქტიური მოქალაქეები (1 000-2 000 ადამიანი). იმავდროულად, ყველას გვესმის, რომ ეს რაოდენობა ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებისთვის საკმარისი არ იქნება. ჩვენ გვჭირდება თვითნაბადი პროტესტი, რომელიც იყო მაგალითად, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, როდესაც მოქალაქეები დამოუკიდებლად დაორგანიზდნენ, ენერგია ქუჩაში დაიბადა. პოლიტიკურ ჯგუფებს ან პოლიტიკურ ელიტას შემდეგ ამაზე შეუძლია კაპიტალიზება და ამ პროცესის მართვა. უნდა მივიდეთ ამ მდგომარეობამდე. ამგვარ მდგომარეობამდე კი მივალთ, თუ ისინი დაიწყებენ მუშაობას საკუთარ თავზე, საკუთარ შინაარსზე, მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდაზე - ეს არის ყოველდღიური რუტინული საქმიანობა, რაც ფაქტობრივად არავის უყვარს ოპოზიციურ სპექტრში! ყალბი რეალობის დახატვა ძალიან მარტივია. გზავნილი, რომ ვიღაც არის რუსი და სხვა არის პროევროპელი, მარტივი გასახმოვანებელია და დამატებითი მუშაობა არ სჭირდება, მაგრამ თუ ჩავშლით, რომ რუსული მმართველობა მხოლოდ ტანკი არ არის, რომ რუსული მმართველობა ასევეა ოლიგარქიული ინტერესები, რაღაც ფეოდალური ჯგუფები... მსგავსი ჩაშლის შემთხვევაში ეს სპექტრი ძალიან მარტივად დაინახავს, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები, რასაც პოლიტიკურ ოპონენტს უყენებს, თავის რიგებშივე აქვს და ან ამის აღმოფხვრაზე უნდა იმუშაოს, ან მორალურ უფლებას კარგავს, წინააღმდეგობის ნაწილი იყოს. სწორედ ამგვარი გადარჩევა გვჭირდება და ჩვენ, „ფედერალისტები“ ამ გზაზე ვდგავართ და ამ გზას გავაგრძელებთ, რადგან მხოლოდ მორალური უპირატესობის პოზიციიდან გვაქვს შანსი, დავამარცხოთ ავტოკრატიული რუსული რეჟიმი, სხვა მხრივ არანაირი შანსი არ გვაქვს.

- გრძნობთ თქვენს ამ მიდგომისადმი მხარდაჭერას?

- ძალიან დიდს.

- როდის დაიწყეთ გადააზრება და როგორ გრძნობთ ამ მხარდაჭერას? ამ საარჩევნო ციკლში თქვენ მაინც პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა გქონდათ, არ მონაწილეობდით რა უშუალო პროცესში...

- გადააზრების პროცესი ჯერ კიდევ „ევროპულ საქართველოში“ დავიწყეთ და დაიწყო დაახლოებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. თუ ადამიანი ხარ ჰომო საპიენსი, მარცხის განცდის შემდეგ უნდა დაფიქრდე მიზეზებზე. როდესაც ამის ანალიზი მოხდა, მარტივად დავრწმუნდით ჭეშმარიტებაში, რომ თუ პოლიტიკას ქმნი, უნდა ქმნიდე ადამიანებისთვის. შენს მიერ შექმნილ კონტენტში თუ ადამიანის როლი არ არის, ყოველთვის კოორდინატორზე და მის მიერ მოტანილ ხმაზე იქნები დამოკიდებული. ეს გადააზრების პროცესი ამ წლების განმავლობაში მიდიოდა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც გამოვეყავით [ევროპულ საქართველოს] და რამდენიმე პოლიტიკოსი ჩამოვიშორეთ, ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურად: სოციალურ ქსელებში, პირად კომუნიკაციაში, შეხვედრების დროს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფინანსური კონტრიბუციის თვალსაზრისით - ეს ძალიან კარგი ინდიკატორია. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ფინანსური შემომწირველების გაათმაგება რამდენიმე თვის განმავლობაში. ვლაპარაკობ მცირე დონაციებზე და არა ოლიგარქიულ ფულზე. როდესაც ბიზნესი არ არის თავისუფალი, მისთვის პოლიტიკისთვის ფინანსური კონტრიბუციის გაცემა რთულია. ჩვენ გვყავს შემომწირველი ფიზიკური პირები, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში (20-30 ლარის) გვწირავენ ფულს. დღეს ჩვენი პარტია სწორედ ამგვარი შემოწირულობების შედეგად არსებობს და ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, ამასთან, ინდიკატორიც, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორია და სწორედ ამაზეა მოთხოვნა საზოგადოებაში - საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილში, რომელსაც აქვს რესურსი, რაღაც გაიღოს პოლიტიკური შინაარსისთვის, თან ალტერნატივის ძიებაშია. ჩვენის მხრივ, ცოდნას, რომელიც დავაგროვეთ მხოლოდ ექსკლუზიურად ჩვენთვის არ ვინახავთ - პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდებთ, გადაეწყვეთ! ამაშია გზა! თუ ვერ შექმნით ათი მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტებს, თქვენი გარკვეული ნიშა გქონდეთ და ამაზე იმუშავეთ. მოიბით ადამიანები, რომ შემდეგ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის ის ხალხი, ვინც ამ წინააღმდეგობის მოძრაობას წარმოადგენს, ვის მხრებზეც უნდა გადაიაროს რეჟიმთან დაპირისპირებამ. თუ ამას მოახერხებენ, გადარჩებიან, თუ ვერ მოახერხებენ, ვფიქრობ, საზოგადოებაში უკვე იმგვარი განწყობაა აგორებული, ბევრს მოუწევს თავისი პოლიტიკური საქმიანობის დასრულება. ეს ეხება მედიასაც - ე.წ. თავისუფალ მედიას, სინამდვილეში კი უდიდესი ნაწილი პოლიტიკური პარტიების პრესსამსახურების გაგრძელებაა. მათაც მოუწევთ ბევრი რაღაცის გადააზრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც მაყურებელი ეყოლებათ, არც ამომრჩეველი და ეს ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის.

- მედიის მიმართულებით თქვენი პრეტენზიები კონკრეტულად რას უკავშირდება?

- ქართულ მედიას აქვს ფუნდამენტური პრობლემები და ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ის არ არის თავისუფალი - ის ამოდის არა მოსახლეობის დაკვეთიდან, არამედ პატრონი დონორების და აჩვენებს დამკვეთისთვის სასურველ რეალობას. მედიით ნაჩვენები რეალობა აცდენილია ამ ქვეყნის მოქალაქეების წუხილებისგან. ვერ ვხედავთ ვერანაირ პოლიტიკურ დისკუსიას საკითხებზე, რომლებიც ნებისმიერ კვლევაში იკითხება - ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, ემიგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო საფრთხეები - არაფერი, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეების ფუნდამენტურ ინტერესებს ეხება, საფუძვლიანად არ გაირჩევა. ამ საკითხების გარჩევა რომ დაიწყოს „თავისუფალმა მედიამ“, მალევე მიხვდება, რომ დამკვეთები, რომლებიც პოლიტიკურ ინტერესს ატარებენ ამგვარი მედიების საშუალებით, აზრთა გაცვლაში, დისკუსიაში კონკურენციას ვერ წევს, ხოლო ამას საზოგადოება დაინახავს, შესაბამისად, მათი პოლიტიკური წონა დაიკლებს, სხვა პოლიტიკური ჯგუფების გაიზრდება, რაც ბუნებრივი პროცესია. სწორედ თავისუფალი კონკურენციის შედეგად მივიღეთ ამჟამინდელი დასავლური ცივილიზაცია. ეს ადამიანები ამბობენ, „ჩვენ პროევროპელები ვართ, დასავლეთი გვსურს“, მაგრამ დასავლეთის მთავარი მდგენელი რაც არის, სწორედ იმის იგნორირებას ახდენენ. ალოგიკურია, ლაპარაკობდე რუსულ რეჟიმზე და იმავდროულად, რუსული რეჟიმის მეთოდებს იყენებდე. ამიტომ, ბოდიში მოიხადონ, როდესაც თავს თავისუფალ მედიას უწოდებენ. ცხადია, ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ეხება ჯგუფებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარეს, რომლებიც ძირითადად ქმნიან მედიურ დღის წესრიგს.

- ობიექტურ მოცემულობად ალბათ ისიც უნდა განვიხილოთ, რომ ქართული ბაზარი მცირეა, მათ შორის ფინანსური რესურსების თვალსაზრისით და ეს ეხება ყველას - მედიას, პოლიტიკურ ჯგუფებს, ბიუჯეტზე მიბმულ საზოგადოების ნაწილს. ალბათ ამგვარი ვითარებაც წარმოშობს კომპრომისს და მეტ რესურსთან მიკედლების ბიძგს...

- მესმის ეს პრობლემები და გამართლება, „ავტოკრატიულ რეჟიმს თუ ვებრძვით, ვერ დავუწყებთ ყურებას, ვინ რას დაგვიკვეთავს, თუ ფულს მოგვცემს, სხვა მხრივ წინააღმდეგობას ვერ გავწევთო“.

- "ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიას" პრინციპით...

- დიახ. მაგრამ უპირატესობა რეჟიმთან მიმართებით რა გვაქვს? ფინანსური რესურსი მეტი გვაქვს? არა; მეტი ადმინისტრაციული რესურსი გვაქვს? არა; მეტი პოლიტიკური გავლენა გვაქვს? არა. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის მხოლოდ ის, რომ ხისტი ვერტიკალიდან არ ამოვიდეთ - ამ ქვეყანაში მრავალფეროვნება არსებობს აზრის, ადამიანების, გამოხატვის და სწორედ ეს მრავალფეროვნება უნდა გავაძლიეროთ, ეს მრავალფეროვნება უნდა გამოჩნდეს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი თავი და საჭიროება დაინახოს იმ მედიურ დღის წესრიგში, რომელიც იქმნება. თუ მედია ამგვარად გადაეწყობა, შემომწირველებიც გაჩნდებიან. ცხადია, ეს არ იქნება იმ მოცულობის, რიგ ჟურნალისტებს 40-50 ათასი ლარიანი ხელფასები ჰქონდეთ, რაც დღევანდელი ქართული ბაზრისთვის აბსურდია (ყველას გვესმის, რომ ეს ჟურნალისტობაში გადახდილი ფული არ არის), მაგრამ თავისუფლება გაცილებით ძვირად ფასობს და ექნება გაცილებით ნაკლები, ქართული ბაზრისთვის ადეკვატური ხელფასი, იქნება მორალურად სწორ პოზიციაზე და ამ გზით, საკუთარი პროფესიონალიზმით ექნება კონტრიბუცია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ მედია ამაზე წუწუნებს, მაშინ ამგვარი მიდგომა პოლიტიკური სპექტრისთვისაც მისაღები უნდა იყოს, ან რიგითმა მოქალაქემ რა თქვას, რომ ამუნათებენ, „სამშობლო 100 ლარის გამო გაყიდეო?“. თუ ადამიანი ელემენტარული საჭიროებების გამო, იგივე 100 ლარისთვის აზრს იცვლის და რეჟიმს აძლევს ხმას, შენ 30 ათასისთვის იყიდები და რომელი უფრო ამორალური საქციელია?! ამდენად, ეს პროცესი მარტივი არ არის, ყველამ უნდა გავიჭირვოთ და ამაზე ჩამოვყალიბდეთ! კათარსისი ყველამ უნდა გაიაროს, სხვაგვარად ჩვენ ვერც ახალ იდეას, ვერც წინააღმდეგობას დავბადებთ და მუდმივად ამ ჭაობში ვისხდებით. ძალიან ბევრი ადამიანი დროთა განმავლობაში ნიჰილიზმში გადავარდება, ნაწილი იტყვის, რომ „მაქვს შანსი, სხვაგან შევძლო საკუთარი თავის რეალიზებაო“ და ვხედავთ კიდეც ქვეყნიდან ახალგაზრდა პერსპექტიული ადამიანების გადინებას, რაც ისევ ქართულ შრომით ბაზარს აკლდება...რაღაც ჯოჯოხეთურ სპირალში შევალთ, თუ ეს გზა, რომელზეც დგას ოპოზიციური სპექტრი, არ გავწყვიტეთ! მე არ ვსაუბრობ ნიშნის მოგებით - ეს ყველას გვეხება.

- ამ ჭრელი საზოგადოებისთვის გამაერთიანებელი იდეა ნამდვილად იყო და არის ქვეყნის განვითარების ტრაექტორია და ეს მოიცავს თავის შინაარსსაც - როგორი ქვეყანა გვინდა, გვქონდეს. თქვენი შენიშვნა შეეხებოდა საზოგადოებასაც, მაგრამ თუ რამ გვაჩვენა ბოლო ორი წლის მოვლენებმა, ეს არის საზოგადოების თვითორგანიზების უნარი. განსაკუთრებით, გაზაფხულზე, ბევრისთვის მოულოდნელად, იყო ძალიან ხანგრძლივი პროტესტი. ხალხმა, ასე ვთქვათ, თავისი საქმე გააკეთა, დემოკრატიულ ქვეყანაში ეს განწყობები იქნებოდა აღქმადი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესში აღარ ითარგმნა...

- ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ეს ენერგია რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ უნდა შემოვიყვანოთ თამაშში წინასაარჩევნო პერიოდში: სახელისუფლებო ვერტიკალი თუ მანამდე არ მოარღვიე, მას შესაძლებლობა ექნება, არჩევნებისთვის ისე მოემზადოს, როგორც „ქართული ოცნება“ მოემზადა. თუ ვერტიკალი რღვევის პროცესშია და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არის შევიწროებული, აი, იმ სქემების დალაგების და „კარუსელის“ შესაძლებლობა არ ექნებოდა, ათასობით ადამიანი რომ ჩართეს. ამიტომ ვამბობდით, რომ სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დავიწყოთ ამ პროცესის განახლება და არჩევნებამდე სახელისუფლებო ვერტიკალი უნდა ვარყიოთ. მაგრამ მაშინ პოლიტიკურმა სპექტრმა ჩათვალა, რომ დღის წესრიგს, მათ შორის, მედიურად ქმნის, რომ ამდენი ადამიანის თბილისის ქუჩებში გამოსვლა ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება დამთავრებულია და პოლიტიკური სპექტრის მოვალეობაა, უბრალოდ ხელი არ შევუშალოთ, არაფერი ვაკეთოთ და ხალხი არჩევნებით თავისით მოგვიტანს კარგ შედეგს.

- ყველა თავის „ბაბლში“ ჩაიკეტა...

- დიახ და შესაბამისი საარჩევნო კამპანიაც ჰქონდათ: „ბაბლისთვის“ რაღაც ვიდეოების ჩაწერა, მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, რეგიონებში მხოლოდ პარტიულ აქტივთან შეხვედრა - თითქოს ეს იყოს პოლიტიკა და შინაარსი.

პოსტ-საარჩევნო პროცესმა მკაფიოდ გვაჩვენა, ვის მისცა ხმა ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა: ეს იყო არა ვიღაცის სასარგებლოდ მიცემული ხმა, არამედ, ვიღაცის წინააღმდეგ. როდესაც ამგვარ შესაძლებლობას ხელიდან უშვებ, საკუთარ შეცდომებზე უნდა დაფიქრდე.

ხელისუფლების პროპაგანდის პირობებში ძალიან ბევრი ადამიანი ვერ დარწმუნდა, ზუსტად რა არის ევროპის შინაარსი, რომელზეც ვლაპარაკობთ. ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენი თვითმიზანი ვერ იქნება, შინაარსი უნდა დაანახო, რომ ამის უკან თავისუფალი კონკურენცია დგას, მართლმსაჯულება...

- მოკლედ, რომ ვთქვათ, ადამიანზე მორგებული სისტემა...

- დიახ და თუ ამას არ ხსნი, პროპაგანდისთვის ადვილია, დაგაპირისპიროს, სტრატეგიული ბუნდოვანება დაიტოვოს და თქვას, „არ ვიცი, ბრიუსელის დირექტივები მოსკოვის დირექტივებისგან რით განსხვავდება, თუ ასე დამელაპარაკებიან“. პლუს, ამას ემატებოდა საზოგადოებაში არსებული სრულიად საფუძვლიანი შიში ომის, რაზეც იმუშავა ხელისუფლებამ და ამას არავინ არაფრით დაუპირისპირდა. როდესაც იყო გარჩევა ოპოზიციის შიგნით, თუ რა ძირითადი გზავნილებით უნდა წარმდგარიყო საარჩევნო კამპანიაში, რას უნდა დაპირისპირებოდა, ომის შიშებთან დაკავშირებით იყო პოზიცია, „ამას წავუყრუოთ“, ვითომ არ არსებობს, თითქოს ეს ხალხი გაგიჟდა. არადა მოცემულობაა ჩვენს ირგვლივ გეოპოლიტიკურად - უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში... ადამიანებისთვის შიშები სრულიად საფუძვლიანია და ჩვენ ამაზე უნდა გველაპარაკა ყველგან, კონცეფციები უნდა შეგვეთავაზებინა, უნდა აგვეხსნა, რომ რუსეთის პირისპირ მარტოდ დარჩენა და დაწოლა არის სწორედ გენოციდური საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება და ისტორიული მაგალითები მოგვეყვანა. „წავუყრუოთო“ და წაყრუების შედეგებიც მივიღეთ!

- რომ შევაჯამოთ, მიუხედავად მძიმე განწყობებისა, თქვენ ხედავთ ნიადაგს ახალი პროცესის წარმოშობის?

- აუცილებლად. ამჟამინდელი მდგომარეობა პესიმიზმისა და ოპტიმიზმის ჭრილში რომ შევაფასოთ, ჭიქა ნახევრად ცარიელი არ არის - ნახევრად სავსეა (ასე უნდა შევხედოთ): საზოგადოებაში გვაქვს პოტენციალი, სწორად დავიგეგმოთ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს - მედიამ, სამოქალაქო სექტორმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა... „ქართული ოცნება“ დღეის მოცემულობით, დე ფაქტო ხელისუფლება გამოდის - აღიარების თვალსაზრისით პრობლემა აქვთ, შესაძლოა, სანქციების კუთხითაც შეექმნას პრობლემები, რასაც შესაძლოა, დამატებითი ეკონომიკური პრობლემები და მეტი უკმაყოფილება მოჰყვეს. თუ ამ დროის განმავლობაში ყველა სფერო, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობაში ებმება, თავის საქმეს გააკეთებს, საზოგადოებას კონკრეტულად ეცოდინება შემდეგი კრიზისის დროს, ვინ არის ორიენტირი, რატომ გავდივართ საპროტესტოდ, რა არის პროტესტის მიზანი და როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს. პრაქტიკაში ეს ცხადია, ყოველდღიურ დიდ შრომას მოითხოვს, მარტივი არაა, მაგრამ არის უმოკლესი გზა. სხვა გზას საპირისპირო მიმართულებით მივყავართ და ყოველი არჩევნების შემდეგ მივიღებთ ფრუსტრაციის ახალ ტალღებს.

-

Новости

Другие новости