ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი იქმნება

14-02-2020 15:03:59 ეკონომიკა ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა.

„ვაზის, ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. დღეისათვის, საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 470-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში. იშვიათი ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.

ვაზის ხარისხიანი ნერგით ბაზრის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს 2019 წლიდან ახორციელებს. სერტიფიცირების სისტემა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და მათ გავრცელებას ადგილწარმოშობის ზონებში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ დახმარებით, ჯიღაურას ბაზაზე შეიქმნება მაღალი კატეგორიის სადედე ნარგაობები, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა სადედე მასალით მომარაგებას.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრძელებს ქართული ვაზის ჯიშების და ველური ფორმების დნმ იდენტიფიკაციას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მის დაკავშირებას საერთაშორისო ინსტიტუციებთან. აღდგენილი ძველი ქართული ჯიშები დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს ცნობილ წამყვან ჯიშებთან ერთად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები