
8-დღიანი პატიმრობის შემდეგ დემონსტრანტებმა ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ იზოლატორი დატოვეს
27/11/2024 06:38:05 საზოგადოება
8-დღიანი პატიმრობის შემდეგ დემონსტრანტებმა ისაკო დევიძემ და დავით წოწორია ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს.
19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე დაკავების შემდეგ ისაკო დევიძემ "საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად" იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხდა.
"აქციის მსვლელობისას ყოველგვარი მიზეზის გარეშე დამაკავეს, როგორც დააკავეს სხვა დანარჩენები. პროტესტის ნიშნად, დანარჩენი დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად და გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად მქონდა შიმშილობა გამოცხადებული. დაგვაკავებენ, გვცემენ, თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენ დაშინებას, ჩვენ მაინც ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ საკანში ვიქნებით, თუ როგორც ვიქნებით, ჩვენ ფიზიკურ სხეულზე ვერ მოიპოვებენ ვერანაირ ძალაუფლებას, პირიქით პრობლემებს შევუქმნით, შევაწუხებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მე მწამს, რომ ჩვენ ვართ ახლა ისტორიული ბრძოლის ასპარეზზე, ვქმნით ახალი საქართველოს ისტორიას, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება სახელოვანი", - განაცხადა ისაკო დევიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა ასევე 19 ნოემბრის დილას აქციაზე დაკავებულმა დავით წოწორიამაც.
მისი განცხადებით, შსს-ს წარმომადგენელმა უთხრა, რომ მასზე "ჯარიმები მსუსხავად არ მოქმედებს და პატიმრობამ შეიძლება, დასუსხოს".
ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.