ოსური უშიშროება: „დავით ქაცარავა ქართველი ხალხის პრობლემების გადაჭრას ცდილობს“

14-02-2020 15:16:51 კონფლიქტები

ოსური დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ხელმძღვანელ დავით ქაცარავას ინიციატივას და მიიჩნევს, რომ „იგი ქართველი ხალხის პრობლემების გადაჭრას ცდილობს“.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ქაცარავამ სპეცმოწყობილობის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში მოსახლეობას დაურიგდება. მისივე განმარტებით, SOS-ღილაკი გამყოფი ხაზის სიახლოვეს ადამიანთა გატაცებას გაართულებს.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლამის ერთადერთი ძალა, რომელიც ქართული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას ცდილობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ არის. მისი ხელმძღვანელის ინიციატივით, დაგეგმილია საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა GPS-მოწყობილობებით, რომელიც საშუალებას იძლევა, რეალური დროის რეჟიმში გაკონტროლდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის ყველა პოტენციური დამრღვევის ადგილმდებარეობა და გადაადგილების მარშრუტები. ვთვლით, რომ აღნიშნული პროექტი მისი რეალიზების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაამარტივებს არა მარტო ქართული საზღვრისპირა მოსახლეობის მდგომარეობას, არამედ ოსი მესაზღვრეების საქმიანობასაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად, მათ შორის – წნელისის მონაკვეთზე“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროებოს კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, როგორც დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, „თავად საქართველოში საპროტესტო განწყობების ზრდის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვარზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული რევანშისტული პოლიტიკის განხორციელებას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები