
"ბევრი მტკიცებულებით ვართ მოსული" - ლომჯარია გამოკითხვაზე მივიდა
27/11/2024 08:44:14 საზოგადოება
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უნდა გამოიკითხოს არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც პროკურატურა იძიებს ცესკოს მიმართვის საფუძველზე.
ლომჯარიამ თქვა, რომ სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით მივიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდშიც, ჩვენი მხრიდან არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ, პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიება არ დაუწყია - გამოძიება ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. ბევრი მტკიცებულებით ვართ მოსული და ვაპირებთ, სათითაოდ ვისაუბრო ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც ჩვენს განცხადებებს, შეფასებებს ადასტურებს. საქმე ეხება არამხოლოდ იმ მუხლის გარშემო არსებულ მტკიცებულებებს, რომლის გარშემოც დაწყებულია გამოძიება, არამედ, კიდევ სხვა, არაერთი სისხლის სამართლის ნორმის დარღვევის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას, ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-დამუშავებას, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის დარღვევას, ამომრჩევლის მოსყიდვას და ა.შ. ასევე გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცესკო-ს წევრების და საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თუ ბოროტად გამოყენების ინფორმაციას",- თქვა ლომჯარიამ და შეაჯამა: "ბევრი მტკიცებულება გვაქვს იმისთვის, რომ პროკურატურას დავეხმაროთ ეს საქმე გამოიძიონ".
აქვე მან თქვა ისიც, რომ პოზიტიური მოლოდინები არ აქვს:
"პროკურატურის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მადლიერი ვიქნებოდი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რადგან მათ ამ საქმის გამოძიებას ძალიან გავუადვილებთ, იმდენად ბევრი მტკიცებულება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ, მაგალითად, გუშინ ცესკო-მ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა, კანონის საწინააღმდეგოდ თავად დაადგინა პრეზიდენტის არჩევის ვადები, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ეს კონსტიტუციური და კანონისმიერი ჩარჩოებიდან გასვლაა, ამიტომ ასეთ დროს, როცა სრული თვითნებობაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს“.
ამასთან, ლომჯარიამ თქვა, რომ ევროკავშირის „ტექნიკურ მისიასთან“ შესახვედრადაც ემზადებიან:
„ვემზადებით ევროკავშირის „ტექნიკურ მისიასთან“ შესახვედრად. იმედი გვაქვს, ისინი ობიექტურ შეფასებას დადებენ, რადგან მათაც მივაწვდით ყველა ამ ინფორმაციას და მტკიცებულებებს".