
გიორგი გახარია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა
14/02/2020 11:55:45 საგარეო პოლიტიკა
მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ–ის თავდაცვის მდივან მარკ ესპერს შეხვდა.
პრემიერის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას თავდაცვის რეფორმის განხორციელებისა და უსაფრთხოების კუთხით. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის წარმატების შედეგია ის, რომ არსებობს უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩო, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), საბრძოლო სასწავლო ცენტრი და ხორციელდება ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პენტაგონის ხელმძღვანელს თავდაცვის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა კვლავაც ერთგულია ძალისხმევისა, თავდაცვის სფეროზე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მიიმართოს, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის 20-%-მდე ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის მოდერნიზებას მოხმარდეს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 2020-2030 წლების გეგმაზე, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თავდაცვის რეფორმა, რომელიც ტოტალური თავდაცვის მიდგომისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება.
გიორგი გახარიამ საუბრისას ხაზი გაუსვა უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატო–სთან თანამშრომლობაზე. ასევე აღინიშნა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში.
შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რომლებიც ნატო–სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ", – ნათქვამია პრემიერის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021