
მიხეილ სარჯველაძე: „ფსიქიატრიული მიმართულებით უახლოეს პერიოდში ხელშესახებად გაუმჯობესდება სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაც და ხარისხიც“
27/11/2024 12:32:53 საზოგადოება
„უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული დასტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაც და ხარისხიც ფსიქიატრიული მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში, "ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა სამინისტრო, ამ მიმართულებით, ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, სექტორის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს".
„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას. მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფაზე, შედეგიანობაზე. ამასთანავე, დაიწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.