
ლაშა ტალახაძე – კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს: “ხომ არ იგეგმება სპორტსმენებისთვის პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?“
27/11/2024 13:00:20 პოლიტიკა, საზოგადოება
“მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?" - ამ კითხვით მიმართა “ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ თინათინ რუხაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
როგორც ტალახაძემ აღნიშნა, სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა ახლა სჭირდება.
“სანაკრებო დონეზე სპორტში 2012 წლიდან ჩართული ვარ. ვხედავ როგორ წინ მივიწევთ და ვითარდება სპორტი. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერაა და მადლობა ამ გვერდში დგომისთვის. ვიტყვი, რომ არამარტო პირად სახეობებში, არამედ გუნდურ სახეობებში ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. მინდა, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ბევრჯერ მიფიქრია და ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ - ხოლმე, რომ ალბათ წარმატების პიკში ვართ. ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად განავითარებს სპორტს. ბევრ სპორტსმენს, ვინც წარმატებს აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით. ზუსტად ეს მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?“,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ტალახაძის პასუხად რუხაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სპორტის სამინისტრო გამოიყოფა, მინისტრობის დაანონსებული კანდიდატი, შალვა გოგოლაძე სპორტსმენების პრობლემებზე უფრო ნაყოფიერად იმუშავებს.