
"ფლანგვის დეტექტორი: "ოცნების" წევრ შოთა ბერეკაშვილის დაფუძნებულ კომპანიას თბილისის მერიასთან 22 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების სამი პროექტი აქვს
27/11/2024 16:42:32 პოლიტიკა, საზოგადოება
"ქართული ოცნების" სიის მე-16 წევრის შოთა ბერეკაშვილის მიერ დაფუძნებულ BK Construction-ს თბილისის მერიასთან სამი მიმდინარე პროექტი აქვს, რომელთა ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს აღემატება, - იტყობინება "ფლანგვის დეტექტორი".
ორგანიზაციის ცნობით, საუბარია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ოთხ ტენდერში გაიმარჯვა, აქედან ორში – უკონკურენტოდ.
კომპანია BK Construction-მა უკვე ჩააბარა ერთი პროექტი, რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ლარი იყო.
"დეპუტატი ბერეკაშვილი "რუსული კანონის" მხარდამჭერიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მისმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის საგრანტო კონკურსში.
შპს “ბიქეი კონსტრაქშენი”-ს 100%-იან წილს შპს "ბიქეი ჰოლდინგი" ფლობს. თავის მხრივ, შპს "ბიქეი ჰოლდინგი"-ს 50%-იანი წილის მფლობელი შოთა ბერეკაშვილია, რომელმაც 26 ნოემბერს წილის მმართველობა ცოლს, მაკა კვიციანს გადასცა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, შოთა ბერეკაშვილს რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს",- იტყობინება ორგანიზაცია.