
სალომე ზურაბიშვილი: "დღეს ყველა ენა შეტევის ქვეშაა"
31/05/2019 08:04:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, "ქართული ენით ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება". ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაც არის "სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ენა ქვეყნის, საზოგადოებების მთავარი გამაერთიანებელია, ხოლო მისი, როგორც პრეზიდენტის ვალდებულება მისი პოპულარიზებაა.
პრეზიდენტის თქმით, სადღეისოდ როგორც ქართული, ასევე სხვა ენები არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.
„დღეს ეს გამოწვევა მთელ მსოფლიოში არსებობს. ყველა ენა არის მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ ის სიმდიდრე, რაც ენას გააჩნია, ვიტყოდი, რომ ყველგან შეტევის ქვეშაა. დღევანდელი ტექნოლოგიები იქნება, გლობალიზაცია თუ სხვადასხვა მოვლენა, გავლენას ახდენს სწორედ ენაზე და ამდენად კულტურაზე. ენა არის სახელმწიფოსთვის, თავის საზღვრების გარეთ ერთგვარი დროშა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ტენდენცია გაგრძელდება, რომლის თანახმადაც ქართული კულტურისა თუ ლიტერატურის უცხოეთში გატანა შესაძლებელი იქნება, რათა "უფრო მეტად გავხდეთ ევროპული სივრცის სრულყოფილი ნაწილი სწორედ ამ კულტურით".
"ჩვენი დიასპორისთვის ენა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორა ჩართული იყოს ამ ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკაში, რომ დიასპორა ინტეგრირებული იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს, მისი ჩართულობა ქვეყანაში და მის ცხოვრებაში დამოკიდებულია ენაზე. თუ ენა დაიკარგა, ის დიასპორა იკარგება და ნელ-ნელა მისი ინტეგრაცია ხდება სწორედ იმ ქვეყანაში , რომლის ენაც მან იცის. ამიტომ არის ამდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ განვავითაროთ ყველა ის დისტანციური სწავლება და ყველა ის საშუალება, რაც ჩვენს დიასპორას შეუნარჩუნებს ენას, როგორც მშობლიურს. არ ვამბობ, რომ სხვა ენები სრულყოფილად არ უნდა ისწავლონ, პირიქით, უნდა გახდნენ ამით სხვა ქვეყნებთან მიმართებით ხიდები, მაგრამ თავიანთი ენის შენარჩუნებით. მშობლიური ენა არის საყრდენი სწორედ მათი იდენტობის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე და მათთვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე.
"ჩვენ ვართ ის ტოლერანტი ქვეყანა, სადაც უამრავი სხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის მოსახლეობა, სადაც ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიანთ მშობლიურ დედაენაზე ისწავლონ და არ დაკარგონ თავიანი ტრადიციები, კულტურა, ენა, მაგრამ დღეს მთავარი გამოწვევა სახელმწიფოსთვის და ამდენად ჩემთვის არის ის, რომ ქართული ენა მათთვისაც გახდეს მშობლიური ენა, სახელმწიფო ენა ყოველ შემთხვევაში და ჰქონდეთ ყველა საშუალება, რათა სწორედ ქართული ენა იყოს ინკლუზიურობის მთავარი ელემენტი და ქართული ენის ფლობით შეძლონ, გახდნენ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები და არა მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობის ერთ-ერთი წევრი. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენთვის, ყველასთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზურ ენაზეც:
"ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, მაგრამ ჩვენ მეორე სახელმწიფო ენა გაგვაჩნია, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. ეს ეხება აფხაზეთს. მე, 26 მაისის გამოთქმული სიტყვის შემდეგ მივიღე რეაქცია ე.წ. იქაური მთავრობისგან, რომ არ მიმდინარეობს რუსიფიკაცია. ეს ძალიან კარგია, რომ ჩათვალეს, რომ რეაქცია საჭირო იყო. ეს არის ნიშანი, რამდენად მართალია მძიმე ანალიზი მძიმე მდგომარეობის. აფხაზურე ენა არის ასევე ჩვენი დასაცავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალბათ,დღეს საქართველოში უფრო მეტი ადგილია, სადაც ისწავლება აფხაზური ენა, ვიდრე თვით აფხაზეთში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც ასევე ეკისრება მთავარი როლი სახელმწიფო ენისა და ასევე აფხაზური ენის დაცვაში.