ირაკლი ზარქუა: ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევის პროცედურა

28-11-2024 13:07:11 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.

ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანის ელჩს „არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ახლა მავნებლობს“.

"ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო. მით უმეტეს, თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაცია გაქვთ თუ არა, ეგეც არ ვიცი. დაიშალა მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ და იმდენს ბედავთ, რომ პოლემიკაში შედიხართ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ.

რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებას, ეტყობა ეგ ნიუანსი გამოგრჩათ. რომ იცოდეთ, სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდან თქვენმა მეგობრებმა გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობაში ღვინის მიმართულებით. ნახეთ ლატვია და სხვა ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე. თქვენ თუ რადიკალების მომხრე ხართ, ეს თქვენთვის შეინახეთ, თქვენს მანდატს არ შეეფერება. მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ ამ ელჩის აქ მოღვაწეობით დაინტერესდეს და ვისურვებდი, ამ ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ, რადგან ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით მგონია, რომ ის მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე როთია, როთი ორი.

მინდა ამ როთებს მივმართო, რომ ის მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ, შოლცის მთავრობა ჩამოშლილია, დაინგრა კოალიცია და თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ, ამ ტონალობაში ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას. ამას არ გაგიტარებთ. მე კიდევ ერთხელ მივმართავ საგარეო საქმეთა საკინისტრის და ახალ მინისტრს, ალბათ ამის შესახებ ვთხოვ, რომ ამ პერსონით დაინტერესდეს, რასთან გვაქვს საქმე – გერმანის ელჩი, რომელიც არ შეესაბამება თავისი განცხადებებითა და ქმედებებით ელჩის მანდატს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის: 27 ნოემბერს გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ განაცხადა, რომ "საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია". მისივე თქმით, „საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას". როგორც მან აღნიშნა, "ისეთი კომპანიაც კი, როგორიც “ჰაიდელბერგ ცემენტია”, გავიდა ქართული ბაზრიდან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები