პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სადღეისოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არახელსაყრელია

28-11-2024 13:49:24 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სადღეისოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არახელსაყრელია. ამის შესახებ მან „რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, "ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია".

ამ განცხადების მიუხედავად, იგი აღნიშნავს, რომ 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის.

"2030 წელს, ჩვენ ვთქვით კიდეც და, სხვათა შორის, "ქართულმა ოცნებამ" ეს თარიღი დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი ამ თარიღს, როგორც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. 2030 ყველას ახსოვს, როდის ითქვა ჯერ კიდევ - 2011 თუ 2012 წელს. 2030 წელს, იმიტომ, რომ საქართველოს გრძელვადიანი გეგმა აქვს, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს. რა ვქნათ? ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის, რა ვქნათ, ამას ხომ ჩვენ ვერაფერ ვერ ვუშველით. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირს ევროპული განვითარების ტემპებით, კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ ამ ტემპებით, ინსტიტუციური განვითარებით ვუსწრებთ და ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ განვვითარდეთ და როცა განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება, იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაც, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი. იმიტომ რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? თუნდაც ჩინეთთან და ბევრ სხვა დსთ-ს წევრ ქვეყანასთან. იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. ევროკავშირში ინტეგრაციით ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, საქართველოში იმას ვერ შემოვუშვებთ. [...] დღეს რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოგვიანებით, დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული სადავო განცხადებების შესახებ.

მან გაიმეორა, რომ "ევროკავშირში გაწევრიანება მოქმედი მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“.

„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება. მაგრამ ერთის მხრივ, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მეორეს მხრივ, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი მიზანია, გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, შეინარჩუნოს მშვიდობა ამ ქვეყანაში. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე“,- განაცხადა კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვას კობახიძემ ასე უპასუხა:

„მას [პაპუაშვილს - რედ.] ექნებოდა საუბარი იმაზე, რომ ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გამოიწვევს ეს. ჩვენ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები, ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განახორციელოს ქვეყანამ... მარტივ რამეზეა საუბარი: შენ რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შეიძლება, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, რაც გამოიწვევს ტურისტების რამდენიმე მილიონით შემცირებას და ეს არის ალბათ, რაზეც ჰქონდა საუბარი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები