გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ იურიდიულადაც მოაწერა ხელი ღალატს, დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის
28/11/2024 15:33:59 პოლიტიკა
ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ახლა საჭიროა ქართველი ხალხის მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.
„თვითმარქვია პრემიერის დღევანდელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს.
სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ახლა საჭიროა ჩვენი, ქართველი ხალხის, მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.
მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის!“, - წერს გიორგი ვაშაძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.


