28-11-2024 19:43:18 პოლიტიკა ,კომენტარი
პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, სადაც საუბარია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისთვის,- ამბობს „აქცენტთან“ კონსტიტუციონალისტი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას. კერძოდ, კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ხმალაძემ გაიხსენა, რომ თავად ევროკავშირს ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამო ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული, ვიდრე მთავრობა კონკრეტულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, მათ შორისაა სასამართლოს რეფორმა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
„მოლაპარაკების დაწყებას სჭირდება ორმხრივი თანხმობა - ჩვენ უნდა გვინდოდეს და ისინი თანახმანი უნდა იყვნენ. ცალმხრივად, რომც მოვინდომებთ, ვერ განახლდება, რადგან განახლებისთვის ევროკავშირმა პირობები დაადგინა. ამ პირობების შესრულება არ უნდა ხელისუფლებას და თქვეს, „ვაჩერებთო“. პირდაპირი დარღვევაა 78-ე მუხლის“.
ხმალაძისთვის ეს მკაფიო განაცხადია კონსტიტუციის დარღვევით საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების თაობაზე:
„ასეთი პირდაპირი განცხადება აქამდე არ გაუკეთებიათ. ოპოზიცია და ექსპერტები ამბობდნენ, რომ „ხელისუფლება თავისი მოქმედებით არღვევს 78-ე მუხლის - ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირთან დასაახლოებლად, უფრო და უფრო აშორებს“. ეს შეგვეძლო გვეთქვა მოქმედებების ჩამონათვლით. მაგრამ დღევანდელი გზავნილი არის პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ არ „ვაპირებთ, მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირისკენ სვლას და ევროკავშირთან დაახლოებას“. ასეთი პირდაპირი განცხადება აქამდე არ თქმულა“.
კონსტიტუციონალისტი იხსენებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სდებდა ბრალს, თითქოს ოპონენტები უშლიდნენ ხელს პროცესს, ამჟამად კი თავად ევროკავშირის ლიდერებს ადანაშაულებენ.
„დავუშვათ,თქვენ გსურთ, მესტუმროთ. მე გეუბნებით, „თუ ჩემთან გინდა შეოსვლა, გარეთ ტალახია, ამიტომ, წინასწარ გაფრთხილებ, რომ ფეხზე უნდა გაიხადო და ისე უნდა შემოხვიდე“. თქვენ მეუბნებით, „ფეხზე არ გავიხდიო“. მე გეუბნმებით, „თუ არ გაიხდით, კარს არ გაგიღებთ“, ახლა თქვენ ამბობთ, რომ „ამით მაშანტაჟებ“. რატომ გაშანტაჟებთ? მე გეხვეწებით რომ ჩემთან მოხვიდე? თქვენ გსურთ ჩემთან შემოსვლა და კეთილი ინებე და გაითვალისწინე, რომ მე ასეთი წესები მაქვს. ეს თუ შანტაჟია, არ ვიცი...“,- განმარტავს საქართველოს ხელისუფლების მიერ „შანტაჟად“ შეფასებულ მიდგომას კონსტიტუციონალისტი.
ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველიც, რომელსაც ევროინტეგრაციას ჰპირდებოდა:
„გავიხსენოთ მათი წინასაარჩევბო ბანერები, „ღირსებით ევროპისკენ“, ახლა ხომ აღიარებითი ჩვენება გააკეთა კობახიძემ, რომ ევროკავშირთან არანაირი დაახლოება არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“ მიზნად?!“.
მას აქვს მოლოდინი, რომ კიდევ მეტად „თავგასული“ გახდება ხელისუფლება და ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება დამძიმდება:
„ზოგადად, შემაკავებელი ფაქტორია კონსტიტუცია და კანონი. როდესაც კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, ამის შემდეგ მათთვის შემაკავებელი ფაქტორი უბრალოდ აღარ არსებობს. წარმოვიდგინოთ, რომ მიიღოს კანონი, რომლითაც ირღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, ამაზე ევროპელები და ამერიკლეები გამოთქვამენ შეშფოთებას, ჩვენ მოვაწყობთ მიტინგებს და შემდეგ რა? ასე არ იქცევა პუტინი? ასე არ იქცევა ლუკაშენკო? ასე არ იქცევა კიმ ჩენ ინი? როდესაც საერთოდ აღარ აინტერესებს ჩვენს დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას, რას იტყვის დემოკრატიული სამყარო, ცხადია, ამგვარი საგარეო შემაკავებელი ფაქტორი აღარ არსებობს და ერთადერთი, რამაც შეიძლება მოახდინოს ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენა, რჩება ჩვენი მოქალაქეების ძალიან მძაფრი პროტესტი! ერთადერთი გამოსავალია, როგორმე მივაღწიოთ ხელახარ არჩევნებს. მოვახერხებთ ამის გაკეთებას? არ ვიცი. თუ ვერ მოვახერხებთ, ძალიან ბნელი მომავალი გვექნება“.