გოგოლაშვილი: ეს ევროკავშირთან ურთიერთობებში დასმული წერტილია!

28-11-2024 20:15:05 პოლიტიკა ,კომენტარი

„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების თაობაზე, გაერთიანებასთან ურთიერთობებში დასმული წერტილია,

„ეს ისეთივე წერტილია, რომელმაც გაჟონა [საარჩევნო] ბიულეტენში - მეორე მხარესაც ჩანს. ეს არის გამჭოლი წერტილი, რომელიც 2028 წელს არ სრულდება. სანამ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ ევროკავშირისკენ. ეს უკვე არის აბსოლუტურად ცხადი. რაც შეეხება მათ მიერ დასახელებულ მიზეზებს, თავადვე საუბრობდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია „ფარატინა ქაღალდია და არაფერზე არ მოქმედებსო“ და უცებ განაცხადეს, რომ „ასეთ [პირობებს გვიყენებენ, ამის შემსრულებლები არ ვართ და ამის გამო უნდა შევაჩეროთ ევროკავშირში ინტეგრაციასო“ - ეს ხომ აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმოა, ნონსენსია! უბრალოდ მიზეზი მოძებნეს. როგორც ჩანს, კარგა ხანია, ჩაფიქრებული ჰქონდათ, მოეძებნათ მიზეზი“,- დარწმუნებულია გოგოლაშვილი.

ის გვახსენებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია თავისთავად მოითხოვს სასამართლოს რეფორმას, ანტიკორუფციულ რეფორმას, „თუ გნებავთ, არჩევნების საკითხის გამოძიებას“.

„როგორც ჩანს, მათ ასევე აშინებთ ტექნიკური მისიის ჩამოსვლა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა უნდა გამოუშვას საქართველოში სწორედ რომ საარჩევნო დარღვევების საკითხის გამოსაძიებლად. როგორც ჩანს, არ უნდათ მისიის შემოსვება საქართველოში და ამანაც უბიძგათ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებისკენ“,- ფიქრობს გოგოლაშვილი.

მას აქვს მოლოდინი, რომ მისიას ხელს შეუშლიან მუშაობაში და „აღარ შეეშინდებათ, რომ ევროკავშირი გააჩერებს მოლაპარაკების გახსნის პერსპექტივას ან კანდიდატის სტატუსს შეუჩერებს“, რადგან პრაქტიკულად, „თავად თქვეს უარი კანდიდატის სტატუსზე, შეიძლება, ითქვას, უვიზო მიმოსვლაზეც, რადგან ასეთი განცხადების შემდეგ, რომ „მე არ ვაპირებ მოლაპარაკების დაწყებასო“ (მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა), ძალიან პატარა შანსი რჩება, რომ უვიზო მიმოსვლა დაგვრჩეს“.

„ეს „ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაწყვიტა. მეტიც, მეშინია, რომ შეიძლება გაიწვიონ კანდიდატის სტატუსი, შეიძლება, გაფართოების ტალღიდან უბრალოდ ამოგვაგდონ“,- დასძენს გოგოლაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები