
თბილისის გარდა, დემონსტრანტები ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისშიც იკრიბებიან
28/11/2024 16:39:48 საზოგადოება
თბილისის გარდა, დემონსტრანტები ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
თბილისში პროტესტი ორ ლოკაციაზე – "ქართული ოცნების" ოფისთან და პარლამენტთან იმართება.
ბათუმში მოქალაქეები საპროტესტო აქციას ევროპის მოედანზე მართავენ, ქუთაისში – "ოცნების" ოფისთან.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ დაასრულა.
"ეს არის ჩემი წინაპრების საფლავებზე დაფურთხება, რასაც არავის არ ვაპატიებთ", – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.