
პრეზიდენტი – საჯარო მოხელეებს: დროა, თქვენ იფიქროთ იმაზე, რა მომავალს უტოვებთ თქვენ შვილებს
28/11/2024 17:03:22 საზოგადოება
მე მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება აიღოთ და მიიღოთ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უცხოელ ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავარი ახლა ღირსება და სამშობლოა.
„დროა, თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დროა, იფიქროთ იმაზე, თუ რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა თქვენს შედეგ იცხოვრებენ. მე მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა პირობები არის, როგორიც არის, თითქოს მზარდი ეკონომიკაა, სადაც ვიცით, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარალელურად, თბლისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.