პრეზიდენტი – პოლიციას: თქვენც აიღეთ ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი
28/11/2024 17:29:59 პოლიტიკა
"მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ თქვენც აიღეთ ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარალელურად, თბლისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.


