პრეზიდენტი: უცხოელ ელჩებს ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენხანს იყო მისაღები, დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ახალი არჩვების ჩატარება
28/11/2024 17:42:15 პოლიტიკა
„მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება.მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა - ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება. ეს რის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით", - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარალელურად, თბლისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.


