პრეზიდენტი – სპეცრაზმელებს: რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას? ფიცი ვის წინაშე დადეთ?
28/11/2024 19:36:38 პოლიტიკა
"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.
მანამდე, პრეზიდენტი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.
"მე დღეს უკვე ვუთხარი საზოგადოებას ჩემი სათქმელი. მე ვარ აქ ამ ხალხთან ერთად. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა", – განაცხადა მან.
"მადლობა", "სალომე", – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.


