მიჰკელსონი: ქართველი ხალხი არ დანებებულა, ევროკომისია პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას!
29/11/2024 07:41:56 პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი ევროკავშირს მოუწოდებს, "არ აქციოს ზურგი უმწეოდ" საქართველოს ხალხს და "თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით" უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს.
"საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხმა წუხელ თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურთ თავიანთი ქვეყანა დაუთმონ რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს. ევროკავშირმა არ უნდა აქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს. რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ. საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია. თუ ჩვენ გვინდა, დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის, იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის. ქართველი ხალხი არ დანებებულა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას,"- წერს მიჰკელსონი.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერებულად გამოაცხადა, პროტესტი სტიქიურად აგორდა, განსაკუთრებით, თბილისში. საპოლიციო ძალებმა ძალის გამოყენებით დაშალეს მომიტინგეები. დაფიქსირდა ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებულია 43 ადამიანი.


