პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების წითელი დონე” აამოქმედეს
29/11/2024 09:00:04 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების წითელი დონე” აამოქმედეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, 29 ნოემბრიდან, შენობაში ამოქმედდა „უსაფრთხოების წითელი დონე”, რაც ნიშნავს, რომ შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.
პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, რომელიც 28 ნოემბერს, საღამოს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პარლამენტთან მიმდინარე აქცია საპოლიციო ძალებმა სპეცსაშუალებებით დაშალეს. დაფიქსირდა ძალადობის არაერთი ფაქტი.


