მეზვრიშვილი- საჯარო მოხელეებს: უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი
29/11/2024 09:03:53 პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, რომელსაც პროკურატურასა და შსს-ში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, საჯარო მოხელეებს მიმართავს.
"საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი, თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ გადაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ. ვხედავ, ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ. ხოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია. ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები. მაგრამ ახლა აღარ არის ის „ყოველთვის”.ადამიანურად უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი.უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით",- ამბობს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


