Accentnews.ge
კალაძე ამტკიცებს, რომ საპოლიციო ძალები იცავდნენ "წესრიგს"

კალაძე ამტკიცებს, რომ საპოლიციო ძალები იცავდნენ "წესრიგს"

29/11/2024 09:18:54 პოლიტიკა

დედაქალაქის მერი, "ქართული ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე ქვეყანაში აგორებულ საპროტესტო ტალღას ცრუს უწოდებს.

"როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და საფუძველი არის ტყუილი, რა თქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაში. ჩვენ გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას, სადაც პირველ რიგში, ჩვენს ეროვნულ ინტერესს დავიცავთ“, - ამტკიცებს კალაძე.

რაც შეეხება საპოლიციო ძალების მხრიდან მომიტინგეებზე ძალადობას, დევნას, კალაძის არგუმენტი ამგვარია: "აბა, გაბედეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ ზოგიერთი აქციის მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ".

მისი თქმით, "არ იფიქროთ, რომ დღეს არის, ბოდიში და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს".

კალაძე, მიუხედავად ძალადობის არაერთი კადრის არსებობისა, ამტკიცებს, რომ საპოლიციო ძალები იცავდნენ "წესრიგს" და უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას:

„არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციელს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, მივიდეს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს. ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“.

პოლიციის მიერ ნაცემი ჟურნალისტების შესახებ დასმულ შეკითხვას, კალაძემ ასე უპასუხა: „ჟურნალისტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენოთ შეურაცხყოფა“.

კალაძემ „სისულელე“ უწოდა ცნობებს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლები იყო შერეული.

„რეებს იგონებთ, რა ქიმიური, რაღაც სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ ხოლმე, ერთი წუთი, რა. აქციის ჩატარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ყველას აქვს იმის უფლება, რომ მისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინც არ უნდა იყოს, ჟურნალისტი იქნება, ბიზნესმენი იქნება, თუნდაც პოლიტიკოსი გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მშვიდობიან პროტესტს არ აქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ როგორც კი ჩნდებიან ადამიანები, ვინც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციას, აგინებენ, ესვრიან ბოთლს, ქვებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?ეს დარჩება რეაგირების გარეშე? ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ასევე, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის ჩარჩოები, არსებობს კანონი, როგორც კი გავცდებით ამას ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

რეპლიკაზე, რომ სპეცრაზმელები აქციაზე ჟურნალისტების სახელებსა დაგვარებს პირდაპირ ასახელებდნენ, კალაძემ სარკაზმით იკითხა: „რუსულად, თუ ქართულად?“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S